Saturday, May 14, 2011

პროექტი-მათემატიკის კვირეული

არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.
თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება.
თალესი თვლიდა, რომ ყველაფერი შედგება წყლისგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თალესმა წყალი აირჩია ძირითად ელემენტად იმის გამო, რომ ის შეიძლება იყოს მყარ მდგომარეობაში (ყინული), თხევადში და აირადში (ორთქლი). რადგან წყალს შეუძლია იყოს მყარიც, თხევადიც და აირიც, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სხეულის შემადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ თალესის მოსაზრება სხეულთა შედგენილობის შესახებ მთლად ზუსტი არ არის, მნიშვნელოვანია ერთი რამ: თალესი თვლიდა, რომ საგნებს, ხილული ბუნების გარდა, აქვთ შინაგანი ბუნება (შედგენილობა), რომელიც არ ჩანს. ასეთი მიდგომა არსებობს კლასიკურ მეცნიერებაში. მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს სისტემების ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც ერთი შეხედვით არ დაიკვირვება.
თალესი, გარდა იმისა, რომ ცდილობდა სამყაროს ბუნების შეცნობას, თავის საზოგადოებაში გამოირჩეოდა იმითაც, რომ მას შეეძლო თავისი ცოდნა გამოეყენებინა პრაქტიკული მიზნებისთვისაც. მაგალითად, თალესს შეეძლო რჩევები მიეცა მოგზაურებისთვის ნავიგაციასთან დაკავშირებით, დაედგინა გემების მდებარეობა ზღვაში. ეს მნიშვნელოვანი იყო მილეთელებისთვის, რადგან მილეთი იმ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახლდათ.
ფილოსოფოსებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ თალესისა და სოკრატეს მოღვაწეობის პერიოდებს შორის, პრესოკრატელებს – სოკრატემდელ ფილოსოფოსებს უწოდებენ.
ერთ-ერთი სოკრატემდელი ფილოსოფოსი იყო ანაქსიმანდრე. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ დედამიწას აქვს ცილინდრის ფორმა და ის არაფერს ეყრდნობა . ანაქსიმანდრე თვლიდა, რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაშორებას დედამიწის ცენტრიდან და არ არსებობს ერთგანზომილებიანი გამორჩეული მიმართულება (ზევით ან მხოლოდ ქვევით). დადასტურებულია, რომ რასაც ჩვენ ვუწოდებთ ზევით ანდა ქვევით მოძრაობას, ეს არის მოძრაობა დედამიწის ცენტრიდან ან დედამიწის ცენტრისკენ. ანაქსიმანდრემ მილეთელებს გააცნო ბაბილონური ხელსაწყო გნომონი (ნახ.2). გნომონი არის დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად აღმართული ჯოხი. გნომონის ჩრდილის მდებარეობისა და მისი სიგრძის მიხედვით შეიძლება დადგინდეს მზის მდებარეობა, აითვალოს დრო. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თალესმა გნომონის საშუალებით გაზომა პირამიდის სიმაღლე. თალესი დაელოდა მომენტს, როდესაც გნომონის ჩრდილის ზომა გაუტოლდა გნომონის ზომას და ამ დროს გაზომა პირამიდის ჩრდილის ზომა. ეს სიდიდე ემთხვეოდა პირამიდის სიმაღლეს.